რუსთავის მერიის პოლიტიკა უსახლკაროების მიმართ

2018-12-21 17:37:11

რუსთავში, XI მიკრორაიონში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის რეაბილიტაციაც დაახლოებით 2 თვეში დასრულდება. დროებით საცხოვრისში 52 უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის შესახლება იგეგმება.

სოციალურ საკითხთა და სამანდატო, საპროცედურო კომისიების გაერთიანებული სხდომაზე დღეს უსახლკარო პირების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, წესის დამტკიცების შესახებ შესახებ იმსჯელეს.

ინფო რუსთავი დაინტერესდა რა კრიტერიუმებით მოხდება სოციალურ საცხოვრებელ სახლში ოჯახების შესახლება.

აღმოჩნდა, რომ ბენეფიციარებთან მიმართებაში მერიას გარკვეული პოლიტიკა გააჩნია.

როგორც მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, მთავარი კრიტერიუმი სოციალური მდგომარეობის გარდა რუსთავში ცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი იქნება (20 წელი)

"ოჯახი, რომელიც რუსთავის მერიისგან სოციალურ საცხოვრებელ სახლში 30კვმ ფართს მიიღებს, სარეიტინგო ქულა უნდა იყოს 150 000-ზე ნაკლები"- ამბობს ინფო რუსთავთან ნინო ქვირია. მისივე ინფორმაციით, თითოეული ოჯახის ქეისს სპეციალური კომისია განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც არასამთავრობო ორგანიზაციის და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იქნებიან.

შესაბამისი კომისია შეარჩევს იმ 52 ოჯახს, რომლებიც საცხოვრებელ ოთახს, თავისი სამზარეულოთი და სველი წერტილით, მიიღებენ.

მერიის სოცილურური სამსახურის უფროსი იმასაც ამბობს, რომ დროებითი საცხოვრისის ბენეფიციარებს თვითმმართველობის წარმომადგენლები პერიოდულად შეამოწმებენ. ნინო ქვირიას განცხადებით, თუ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება ისინი სოციალურ სახლს დატოვებენ.

ამ დრომდე რუსთავში მხოლოდ ერთი, 12 ბენეფეციარზე გათვლილი სოციალური საცხოვრებელი სახლი არსებობდა,   რომელიც შვეიცარიის დაფინანსებით გაკეთდა.