გადათხრილი გზები რუსთავში [photo]

2018-11-30 18:47:17

ადგილობრივები იმ ქუჩების რეაბილიტაციას ითხოვენ, რომლის სამშენებლო სამუშაოებიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

საუბარია, 12 ქუჩაზე, სადაც გზის სარემონტო სამუშაოები პროექტის მიხედვით დასრულებული უნდა იყოს.

ინფო რუსთავი შეეცადა გაერკვია, რატომ გაჭიანურდა 12 ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი. საკითხის გარკვევა ინფო რუსთავმა თვითმმართველობაში სცადა.

"12 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ნიუ გრუპი" ახორციელებს, კომპანია ტენდერით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ჩაეტია. "ნიუ გრუპმა" ვადის 4 თვით გახანგრძლივება მოითხოვა, რაზეც მათ წერილობით უარი ეთქვა. სამშენებლო კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუსრულებლობის გამო ჯარიმა დაერიცხა, ხოლო თუ არ გააგრძელებს სამუშაოებს მოხვდება შავ სიაში"- განაცხადა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურა ტაბაღუამ

ინფო რუსთავი კომენტარისთვის "ნიუ გრუპის" ხელმძღვანელობასაც დაუკავშირდა.

"ნიუ გრუპმა" ვადის 2019 წლის 30 მარტამდე გახანგრძლივება მოითხოვა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება დაიტოვა.

"ჩვენმა ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ, სამუშაოები ხელშეკრულებით დათქმულ ვადებში ვერ შეასრულა, თუ მერია მოგვცემს დროს მარტის ბოლომდე აღნიშნულ სამუშაოებს დავასრულებთ, ამის შესახებ თვითმმართველობას წერილობით უკვე მივმართეთ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ტექნიკა ადგილზეა მობილიზებული, ველოდებით მერიისგან პასუხს, დადებითი პასუხის შემთხვევაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება"- განაცხადეს კომპანიაში.

იმ შემთხვევაში თუ რუსთავის მერია და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ შეთანხმდებიან ხელშეკრულება შეწყდება. მერიას კი აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად უკვე ახალ ტენდერს გამოაცხადება მოუწევს.

რაც შეეხება თანხას რომელიც კომპანია "ნიუ გრუპს", გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად გადაერიცხა, მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნული თანხის უკან დასაბრუნებლად შესაბამისი პროცედურები გატარდება.