რუსთავში ბოლო პერიოდში სულ უფრო და მეტი ახალი საცხოვრებელი კორპუსი თუ სახლი შენდება.
სამშენებლო კომპანიები ცდილობენ მომხმარებელს თანამედროვე და კეთილმოწყობილი ბინები შესთავაზონ. ამის ფონზე კი, ძველი საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ ბინებზე მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება.
რუსთავს უძრავი ქონების სააგენტოში ძველ ბინებზე მოთხოვნის შემცირებას ფასს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ხშირად ახალი აშენებული ბინის ფასსა და ძველი ბინის ღირებულებას შორის განსხვავება მინიმალურია.
"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა ღირს რუსთავში ძველი აშენებული ბინები.
უძრავი ქონების ღირებულება მის ფართობზე, არსებულ პირობებსა და ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული.
რუსთავის ერთერთი სააგენტოს ინფორმაციით ვგებულობთ, რომ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, 1 ოთახიანი ძველი აშენებული (მეორადი) ბინის ფასი დაახლოებით 18 000$-დან 25 000$-მდე მერყეობს.
რაც შეეხება 2 ოთახიანი ბინის ფასს, 25 000$-დან 35 000$-მდეა.
3 ოთახიანი (მეორადი) ბინების ფასები კი 30 000$ აშშ დოლარიდან იწყება და 98 000$ აშშ დოლარს აღწევს.
ფასის ზრდა დამოკიდებულია ბინის ადგილმდებარეობაზე, ასევე როგორი რემონტი აქვს და რამდენად კეთილმოწყობილია. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ ფასებთან შედარებით შესაძლოა, ზოგიერთ ადგილას ნაკლებიც ღირდეს.
როგორც უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენელმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთი ადგილი, სადაც მეტ-ნაკლებად ძველი ბინები ისევ მოთხოვნადია, ესაა ძველი რუსთავის და ახალი რუსთავის ცენტრალური ქუჩები.