21 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი განახლდა (ვიდეო).

2017-02-06 19:49:25

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 21 წლის გიორგი ძაბახიძის მკვლელობაში ბრალდებულების ა.-სა და მ.-ს სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლოს დარბაზში დაძაბულობა შეიმჩნეოდა, მომსამართლემ დარბაზში მსხდომებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, შენობის გარეთ კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მოსამართლე მადონა მაისურაძემ ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობები მათ მიერ სასამართლოში მტკიცებულებების დასაშვებობის თაობაზე განიხილა და დააკმაყოფილა. ასევე სასამართლომ ბრალდებულების აღკვეთს ღონისძიების საკითხი განიხილა. მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფებზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდნენ. ა.-ს ადვოკატი პროკურატურის წარდგენილ მტკიცებულებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასა და გირაოს სახით 10 000 ლარის შეფარდებას ითხოვს. ამ დროისთვის არცერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. საქმეში კი ახალი არსებითი გარემოებები არ არსებობს. ა.ზ-ს ბრალი სისხლის სამართლის 109- მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის მიხედვით აქვს წარდგენილი, რაც თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მ.ყ-ს კი სისხლის სამართლის 109- მუხლის 2 ნაწილით ჯგუფურად ორგანიზებულ განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ, რაც თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე გულისხმობს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან, არსებითი განხილვისთვის კი საქმე სასამართლოს არსებით სხდომას, ნაფიცმსაჯულთა მონაწილეობის გარეშე გადაეცა. საქმის არსებითი განხილვა მიმდინარე თვეში ჩაინიშნა.