ინფო რუსთავის სტატიას რუსთაველი სტუდენტების შესახებ, რომლებმაც 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფოსგან 100%-იანი გრანტი მოიპოვეს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
უმეტესობა სტუდენტებს დამსახურებულ წარმატებას ულოცავს და ამბობს, რომ ამაში სკოლის როლი დიდია. თუმცა ნაწილს მიაჩნია, რომ სკოლები მოსწავლეებს სათანადო განათლებით ვერ უზრუნველყოფენ, რის გამოც აბიტურიენტები იძულებულები ხდებიან რეპეტიტორებთან მოემზადონ და ამისთვის მშობლებს დიდძალი ხარჯების გაწევა უწევთ.
ნაწილის აზრით, რომ არა რეპეტიტორები, აბიტურიენტები ასეთ შედეგებს ვერ მიაღწევდნენ.
არის თუ არა საკმარისი აბიტურიენტებისთვის სკოლაში მიღებული განათლება იმისთვის, რომ ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენონ? უმეტესობა ფიქრობს, რომ რეპეტიტორებთან მოუმზადებლად მაქსიმალურ შედეგთან მიახლოებული ქულების და 70 თუ 100%-იანი გრანტის მოპოვება ერთეულებს შეუძლიათ.
მათი აზრით, სკოლაში სწავლა ისე არაა გაძლიერებული, რომ დამამთავრებელ კლასებში რეპეტიტორებთან მომზადების საჭიროება მოიხსნას. ნაწილი მიზეზად მოძველებულ განათლების სისტემას, ნაწილი - მოსწავლეების სიზარმაცეს, ხოლო ნაწილი რეპეტიტორებთან მომზადების უკვე მყარად დამკვიდრებულ ტრადიციას ასახელებს.
ინფო რუსთავი საკითხთან დაკავშირებით იმ სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა, რომელთა მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. აღნიშნული სკოლის დირექტორების განცხადებით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები რეპეტიტორებთან არა ცოდნის შესაძენად, არამედ სკოლაში დაგროვილი ცოდნის მობილიზების მიზნით ემზადებიან.
24-ე საჯარო სკოლის დირექტორის, მანანა გოგოლაძის განცხადებით, სკოლისა და რეპეტიტორის როლი 50/50-ზეა. მისი თქმით, სკოლაში შესაბამისი ბაზის არქონის შემთხვევაში, შეუძლებელია რეპეტიტორმა 1-2 წელიწადში მოსწავლეს მისცეს იმდენი ცოდნა, რომ მან მაღალი ქულები ან 100%-იანი გრანტი აიღოს. მანანა გოგოლაძის მოსაზრებით, მოსწავლეებს სწორედ სკოლა აძლევს იმ უნარ-ჩვევებს და ელემენტარულ ცოდნას, რომელიც ბავშვს ეხმარება უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი გრანტით მოხვედრაში. რეპეტიტორი კი ამ დროის განმავლობაში დაგროვებული ცოდნის მობილიზებას ახდენს.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით მე-4 სკოლის დირექტორს, მამუკა ხამხაძეს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ: „აბსოლუტურად არასწორად მიმაჩნია გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მოსწავლის განათლების ხარისხში სკოლას არ აქვს თავისი წილი. ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება მიჩვენებს, რომ სწორედ საკლასო გარემოში, ჯანსაღი კონკურენციისა და მოტივაციის პირობებში უყალიბდება მოსწავლეს ისეთი ცოდნა და ჩვევები, რასაც ვერავითარი გზით ვერ შესძენს სხვა გარემო. განათლების მიღება უწყვეტი პროცესია. ის, ვინც მე-7 კლასში სასწავლს მე-7-ში სწავლობს და მე-10-ში სასწავლს მე-10 კლასში და არა ერთბაშად, სწორედ მას აქვს მაღალი შედეგი, მიუხედავად მისი ნიჭიერებისა. დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით სწავლას აგრძელებენ სწორედ ის ახალგაზრდები, რომლებიც სკოლაში კარგი სწავლით გამოირჩევიან. სკოლაში ჩაყრილი საფუძველი არის ცხოვრებაში შემდეგი განვითარების წინაპირობა. ამის მაგალითია მე-4 სკოლის კურსდამთავრებულები. მე-4 სკოლის კურსდამთავრებულთა 80% მოიპოვებს სახელმწიფო დაფინანსებას. მაგალითად, წელს 86 კურსდამთავრებულიდან 68-მ გრანტი მოიპოვა. წარმატებას განათლებაში 4 ძირითადი ფაქტორი განაპირობებს: ბავშვის ბუნებრივი შესაძლებლობები, მისი მონდომება, კარგი მასწავლებელი და ეფექტური სასწავლო გარემო. რეპეტიტორი ვერაფრით შეცვლის კარგ მასწავლებელს და სასწავლო გარემოს, სადაც ბავშვის ცოდნა ყალიბდებაბ მოტივირებული და კონკურენტუნარიანი სოციუმის პირობებში. რეპეტიტორი არის დამხმარე, სკოლა კი ძირითადი საშუალება განათლების მისაღებად.“
რუსთაველების აზრით, იმისთვის, რომ მოსწავლეებს რეპეტიტორების დახმარება აღარ დასჭირდეთ, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განხორციელდეს.