მევახშეებზე შეზღუდვები ამოქმედდა

2018-08-25 12:11:20

კერძო გამსესხებლებს, რომლებიც ეროვნულ ბანკში არ არიან სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებულნი, ფიზიკურ პირებზე უზრუნველყოფილი სესხების გაცემა აეკრძალებათ.

სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებით, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.

ასევე, დაუშვებელი ხდება ფიზიკურ პირსა და ინდმეწარმეებზე სესხის გაცემა ავტომობილის, სარკინიგზო ტრანსპორტის ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე საშუალებების, წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალების უზრუნველყოფით.

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით, ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით დგინდება, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საცხოვრებელ სადგომად გამოყენების მიზნით სარგებლობაში გადაეცემა იპოთეკარ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს), ან ადგილსამყოფლად (იურიდიულ მისამართად) გამოყენების მიზნით გადაეცემა იპოთეკარ იურიდიულ პირს. ამასთანავე, თუ ერთი და იმავე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა.

ამასთან, კოდექსის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იპოთეკის ხელშეკრულების შინაარსისთვის, მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ნამდვილობისა და მართლზომიერებისათვის პასუხისმგებელი არიან უშუალოდ იპოთეკის ხელშეკრულების მხარეები.

ცვლილება სამოქალაქო კოდექსში შევიდა. ინიციატივის ავტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროა.