გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურ თეატრში სპექტაკლის "ბრძოლა ხელისუფლებისთვის" პრემიერა გაიმართა. ჰენრიკ იბსენის ნაწარმოების "ბრძოლა სამეფო ტახტისთვის" მიხედვით პიესა გოგი ქავთარაძემ დადგა. ნაწარმოები ავტორმა 1864 წელს დაწერა თუმცა ის თემატიკიდან გამომდინარე აქტუალობას დღესაც არ კარგავს. ბრძოლა ხელისუფლებისთვის - ამბიციები, ეჭვი, ნათესავების, ოჯახის წევრების და ხალხის დაპირისპირება რაც საბოლოოდ ქვეყნის გახლეჩვას იწვევს. მეფის როლს ზურა ინგოროყვა, დედოფლის როლს ანა შარვაძე, ხოლო ჰერცოგის როლს ზვიად დოლიძე ანსახიერებენ, სპექტაკლში რუსთაველ მსახიობებთან ერთად მოწვეული მსახიობი ანა მატუაშვილიც იღებდა მონაწილეობას. სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, მისი ნახვა რუსთაველებს ხვალ 19:00 საათზე კვლავ შეეძლებათ.