პენსია დოლარებში

2018-08-01 14:04:36

ინფო რუსთავი დაინტერესდა, როგორ ცხოვრობენ პენსიონერები სხვა ქვეყნებში.

ესტონეთი

საშუალო პენსია: 440 დოლარი

ესტონეთის საპენსიო სისტემა სამი დონისგან შედგება: სახელმწიფო პენსია, სავალდებულო დაგროვებითი და დამატებითი დაგროვებითი პენსიისგან.

ესტონელები პენსიაზე 63 წლის ასაკში გადიან. ესტონეთში ყველა დასაქმებული ხელფასიდან საპენსიო ფონდში ანაზღაურების 20%-ს იხდის, 2%-ს კი დაგროვებითი პენსიის ანგარიშზე. თავის მხრივ, სახელმწიფო ამ თანხას 4%-ს უმატებს. მაგალითად, თუ ესტონეთის მოქალაქის ხელფასი 1000 ევრო აქვს, 200 ევროს საპენსიო ფონდში იხდის, 20 ევროს საკუთარი დაგროვებითი პენსიის ანგარიშზე, 40 ევროს კი ყოველთვიურად ამ ანგარიშზე სახელმწიფო ურიცხავს.

ქვეყანაში მოქმედი კანონით, მოქალაქეს თავდაპირველად შეუძლია სახელმწიფო პენსიაზე გასვლა, მოგვიანებით კი – სავალდებულო დაგროვებით პენსიაზე, ან პირიქით.

ბელორუსი

საშუალო პენსია: 134 დოლარი


ბელორუსში, სადაც ქვეყნის მოსახლეობა 9,5 მილიონი ადამიანია, ყოველი მეოთხე პენსიონერია. ბელორუსის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, საშუალო პენსია 134 დოლარია.

პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიმდინარე წლის აპრილში ხელი მოაწერა საპენსიო ასაკის 3 წლით გაზრდას. მანამდე ბელორუსში მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი – 60 წლით, ქალბატონებისთვის კი 55 წლით განისაზღვრებოდა.

რუსეთი

საშუალო პენსია: 195 დოლარი


რუსეთში საშუალო პენსია დღევანდელი კურსით დაახლოებით 195 დოლარია. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 146 მილიონია, 42,7 მილიონი პენსიონერია.

პოლონეთი

საშუალო პენსია: 413 დოლარი

პოლონეთში მამაკაცები პენსიაზე 65 წლის ასაკში გადიან, ქალები კი – 60 წლის ასაკში. ქვეყანაში უკვე მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, 2040 წლამდე თანდათანობით მოხდება საპენსიო ასაკის გაზრდა და ქალებიცა და კაცებიც პენსიაზე 67 წლის ასაკში გავლენ. პენსია საშუალო ანაზღაურების 60%-ს უდრის.

პოლონეთში საპენსიო სისტემის რამდენიმე დონეა, დაგროვებითი პენსიის სისტემაში მონაწილეობა კი ნებაყოფლობითია.

აშშ

საშუალო პენსია: 1 200 დოლარი


აშშ-ში აქტიურად მოქმედებს არასახელმწიფო საპენსიო ფონდები, რომლებიც რამდენჯერმე ზრდის საპენსიო შემოსავალს. პენსიონერები ხელფასის თითქმის 44%-ს იღებენ. მათ, ვისაც დაბალი ანაზღაურება აქვთ, სახელმწიფო დამატებით უხდის მინიმალური პენსიის დონეზე – ერთ ადამიანზე 733 დოლარს, ცოლ-ქმარზე კი – 1 100 დოლარს.

ჩინეთი

საშუალო პენსია: 160 დოლარი


ჩინეთში სახელმწიფოსგან დახმარებას ყველა პენსიონერი ვერ იღებს. თავდაპირველად სახელმწიფო პენსია მხოლოდ ჩინოვნიკებსა და სახელმწიფო კომპანიის მუშაკებისთვის იყო გათვლილი. 2007 წელს სახელმწიფო პენსიას ჩინელების 30% იღებდა, 2012 წელს კი – ქვეყნის მოსახლეობის 55%.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 14% 60 წელს გადაცილებულია. კერძო კომპანიებში დასაქმებულები ხელფასის თითქმის 12%-ს საპენსიო ფონდში იხდიან, აქედან 9%-ს თავად დასაქმებულები, 3%-ს კი დამსაქმებელი. ჩინეთში საპენსიო ასაკი 60 წლით განისაზღვრება.