17-მდე სამშობიარო დაჯარიმდა

2018-07-20 21:59:58

2017 წელს საკეისრო კვეთების წილი 44.4%-ს შეადგენდა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ 17-მდე სამშობიარო დააჯარიმა, ხოლო 5-ს სტატუსი შეუჩერა.

ინფო რუსთავი დაუკავშირდა რუსთავის კლინიკებს და გაარკვია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქალაქის სამედიცინო დაწესებულებებში. კლინიკა „რუსთავი“ დაჯარიმებულ სამედიცინო დაწესებულებებს შორის არ არის, რადგან, კლინიკის მენეჯერის, მამუკა რეხვიაშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კლინიკაში შემოწმებაზე ჯერჯერობით არავინ ყოფილა. „მშობიარობის შემთხვევების რაოდენობა წინა წელთან შედარებით არ გაზრდილა და წელსაც, წინა წელთან შედარებით, შესაბამისად არის ფიზიოლოგიური მშობიარობის და საკეისრო კვეთების შემთხვევებიც.“ - განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა. დაჯარიმებულ კლინიკებს შორის არც რუსთავის სამშობიარო მოხვდა. რუსთავის სამშობიაროს დირექტორის, ალექსანდრე ბარანკოვის განცხადებით, მიმდინარე წელთან შედარებით საკეისრო კვეთების შემთხვევებმა მცირედით მოიმატა. მისი თქმით, ექიმები ყოველთვის ცდილობენ, დაარწმუნონ პაციენტი, რომ საკეისრო კვეთა აუცილებელი არაა, თუმცა მათი მოთხოვნიდან გამომდინარე მედიკოსები ვალდებულები არიან პაციენტებს დათანხმდნენ.

დაჯარიმებულ კლინიკებს შორის მოხვდა: „ჰერა“, „ჩაჩავა“, „იმედი“, „brothers-ი“, „ბაიები“, „დავით დავარაშვილის კლინიკა“, „უნიმედი“, „იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“, „ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“, „ახალი სამშობიარო ცენტრი“, „ხონელიძის კლინიკა“, „მედკაპიტალის გლდანის ფილიალი“, „ქუთაისის მესამე და ახალი მეორე სამშობიარო“. სტატუსშეჩერებული კლინიკებია: „ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა დედა-შვილობა“, „ოქროს საწმისი 21“, „პირველი საავადმყოფო“, „საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრი“, „ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი.“