რამდენი დაურეგისტრირებელი სალონია ქალაქში

2018-07-09 15:11:09

რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრი, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სილამაზის სალონების შემოწმებას 2018 წლიდან ახორციელებს.

როგორც ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი აცხადებს, რუსთავში დაახლოებით 50 სალონია, ამ ეტაპზე კი ცენტრმა 15 ობიექტი შეამოწმა. მისივე თქმით რეგისტრაციის მონიტორინგი გრძელდება.

"პირველ ეტაპზე ვამოწმებთ, დარეგისტრირებულია თუ არა სალონი და აქვს თუ არა მას საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი.15 შემოწმებული სალონიდან 2 არარეგისტრირებელი იყო, მივეცით გონივრული ვადა პრობლემის მოსაგვარებლად. შესაბამისი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ობიექტს უკვე 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება"- აცხადებს დავით ბეგაშვილი

ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, შემოწმების შემდეგი ეტაპი უკვე ინფექციებზე შემოწმებაა. თუმცა კონკრეტული თარიღი თუ როდის მოხდება სალონების შემოწმება ინფო რუსთავისთვის უცნობი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გამოსცა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დადგენილება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სილამაზის სალონების სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით კონტროლს ითვალისწინებს. 

დოკუმენტის მიზანია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (სილამაზის სალონებში) ადამიანის კანის საფარველზე ჩატარებული ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურები პროცედურები ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო იყოს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონტროლი განხორციელდება ისეთ ესთეტიკურ და კოსმეტიკურ პროცედურებზე, როგორიცაა აკუპუნქტურა, პირსინგი, ელექტროლიზისი, მიკროპიგმენტაცია, მანიკიური და პედიკიური, ტატუირება, ვაქსინგი და თმის მოვლა/პარსვა. აღნიშნული პროცედურები სისხლის გზით ინფექციების გავრცელების ძალიან მაღალი რისკის პროცედურებად ფასდება.

სილამაზის სალონების კონტროლს, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურები ახორციელებენ.