რობოტი სოფია საქართველოს ეწვევა

2018-07-06 12:56:33

მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია საქართველოს 17-19 ივლისს ეწვევა. რობოტი “ღია მმართველობის სამიტზე“ (OGP) სიტყვით გამოვა.
OGP-ის 2018 წლის საერთაშორისო სამიტის, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაეწრება, მთავარი თემა სამოქალაქო ჩართულობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და საჯარო სერვისების მიწოდება იქნება.
სოფია აუდიტორიის წინაშე 18 ივლისს, 14:30 წუთზე, მთაწმინდის პარკში წარსდება. ერთ-ერთი მთავარი თემა სესიის იქნება, თუ როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა რევოლუციური გარდატეხა მოახდინოს ადამიანებისთვის საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში.
სოფია პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა 2017 წელს საუდის არაბეთში მიიღო. იგი ქვეყნის მოქალაქის ყველა უფლებით სარგებლობს.

სოფია ჰონგ-კონგის ფირმამ Hanson Robotics-მა შექმნა. აღსანიშნავია, რომ სოფიას შემთხვევაში პასუხების წინასწარი დაპროგრამება არ მომხდარა და ის იყენებს machine learning-ს, რაც კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთი დარგია, რომელიც რობოტებს წინასწარი დაპროგრამების გარეშე ამუშავებს, შესაბამისად, სოფია პასუხებს ადამიანების გამომეტყველების მიხედვით სცემს.