საერთაშორისო ბანაკი რუსთავში [photo]

2018-07-07 21:15:03

რუსთავში CISV-საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო ბანკის, „International Youth Meeting“-ის ღია კარის დღე. ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა და რუსთავის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა. პროექტში მონაწილეობდნენ დანიის, შვეიცარიის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და საქართველოს წარმომადგენელი ახალგაზრდები და მათი ლიდერები. ღონისძიების თემაა "მრავალფეროვნება ჩვენს ქალაქში" რომლის ფარგლებშიც დელეგაციებმა წარმოადგინეს თავისი ქვეყნისა და ქალაქის კულტურა, გამართეს ნივთების გამოფენა და ტრადიციული საკვების დეგუსტაცია. ღონისძიებას იტალიის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "CISV International საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომლის ცენტრიც დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. იგი ერთ-ერთი დიდი საგანმანათლებლო ქსელია. CISV 1951 წლიდან არსებობს და დღესდღეობით წარმოდგენილია 69 ქვეყანაში. საქართველო CISV International -ს 2006 წლიდან შეუერთდა და 12 წლის მანძილზე ათობით დელეგაცია გავაგზავნეთ სხვადასხვა ქვეყანაში. პროექტი გაგრძელდება 8 დღის განმავლობაში. ბიუჯეტი განისაზღვრა 35000 ლარით, აქედან ქალაქის მერიამ დააფინანსა დაახოებით 8000 ლარი" - განუცხადა "ინფო რუსთავ" CISV საქართველოს დირექტორმა პავლე თვალიაშვილმა.

"ეს არის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც დანერგილია წარმატებულ ქვეყნებში. მივიღეთ შემოთავაზება, რომ ღონისძიება საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში ჩაგვეტარებინა. რასაც სიამოვნებით დავთანხმდით. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები 5 ქვეყნიდან გვესტუმრნენ, მათ წარმოგვიდგინეს პრეზენტაცია საკუთარი ქვეყნის, ქალაქის შესახებ. ძალიან კარგია ამ პროექტში ახალგაზრდების ჩართულობა, ისინი ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებსა და იდეებს, რაც მეტად მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისათვის. ჩვენი სტუმრები დაბრუნდებიან საკუთარ ქალაქებში, თანამოქალაქეებს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს, რაც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში" - აღნიშნა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.