რუსთაველი მოსწავლეების წარმატება ოლიმპიადა "ევერესტის" მე-18 სეზონზე.
ბავშვებისათვის ყველაზე საინტერესო და სახალისო მათემატიკური ოლიმპიადა "ევერესტის" მე-18 სეზონის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია დღეს, "ტექნოპარკში" გაიმართა.
რუსთავის N24-ე საჯარო სკოლის მე-2 კლასელმა მარიამ ყაულაშვილმა, მათემატიკის ოლიმპიადა "ევერესტის" კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო N22-ე საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლა ჭაბაშვილი მე-3 ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება ქართული ენის ოლიმპიადას, რუსთაველი მოსწავლეები აქაც გამოირჩეოდნენ. N24-ე საჯარო სკოლის მე-2 კლასელმა გვამცა გოგინაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო ამავე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლემ გიორგი კალანდაძემ მე-3 ადგილი.
2018 წელს, "ევერესტის" გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე საქართველოს მაშტაბით 17 000 -მდე კონკურსანტი მონაწილეობდა.
"უნდა აღინიშნოს, რომ მე-18 სეზონის გამარჯვებულებს შორის განსაკუთრებით დიდი იყო რუსთაველი კონკურსანტების რაოდენობა. კონკურსში გამარჯვებული II , III, IV, V და VI კლასებში სამ ტურში დაგროვილი ქულების მიხედვით გამოვლინდნენ. დღეს დასახელდა თითოეულ კლასში პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილზე გასული კონკურსანტების ვინაობა. გამარჯვებულ მოსწავლეებს და მათ მასწავლებლებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები, სიგელები, დიპლომები და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები გადავეცით. საპრიზო ადგილზე გასულმა მოსწავლეებმა ჩვენი პარტნიორებისგან "ექსპერიმენტორიუმი", "რობოტიქსი", კომპანია "Mon platin"-ი ბავშვთვა გასართობი ცენტრი "ფოკუს-მოკუსისგან"პრიზები გადაეცათ" - განაცხადა "ევერესტი"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირმა ჭარაქაშვილმა.
ოლიმპიადა "ევერესტი" მათემატიკოსმა დაჩი ნანობაშვილმა 2006 წელს დაარსა. მასში მონაწილეობას მეორე-მეექვსე კლასის მოსწავლეები იღებენ.
ამჟამად "ევერესტი" ყველაზე დიდი მათემატიკური ოლიმპიადაა საქართველოში. ის თბილისში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, ბათუმში, ფოთში, სენაკში, თელავში, ხაშურში, ლანჩხუთში, ბორჯომში, გურჯაანში, ოზურგეთში, ახალციხესა და საჩხერეში ტარდება. საშუალოდ მასში ყოველწლიურად საჯარო და კერძო სკოლების 30 000 მოსწავლე მონაწილეობს.