რამდენი ბავშვი ჩაირიცხა ბაღებში

2018-06-16 12:56:55

რუსთავის ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დასრულდა. შევსებულია ყველა ის ვაკანტური ადგილი, რომელიც ელექტრონულ რეგისტრაციამდე განთავსდა საიტზე. ვაკანტური ადგილების რაოდენობა 2-3 წლიანებში 573, ხოლო 3-4 წლიანებში 438 იყო.
როგორც “ინფო რუსთავთან“ საუბრისას "ააიპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების" უფროსმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა ის ბავშვები, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ ბაღებში, მსგავსად გასული წლებისა იქნებიან სარეზერვო სიაში და რიგის ნომრის მიხედვით დაელოდებიან ჩარიცხვას.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 15 ივნისს დღის 12 საათზე დაიწყო, საიტზე რეგისტრაცია გაიარა ყველა მსურველმა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ბავშვი ჩაირიცხა. მომხმარებელს მაქსიმუმ 3 სასურველი ბაღის არჩევის უფლება ჰქონდა.

რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, 16 ივნისის 13:00 საათიდან მომხმარებელს შეუძლია რეგისტრაციის ფორმის ქვემოთ განთავსებულ ველში, ბავშვის პირადი ნომრის მეშვეობით, გადაამოწმოს, თუ კონკრეტულად, რომელ ბაღში მოხვდა, ხოლო აღსაზრდელი, რომელიც ვერ მოხვდება ვერცერთ ბაღში, გადავა სარეზერვო სიაში, მას მიეცემა სპეციალური რიგის ნომერი, რომელსაც მოქმედების ვადა 2019 წლის პირველ მაისამდე ექნება.