ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მარცხენა კუთხიდან, დაახლოებით 40 მეტრიდან ბურთმა ძელებსშუა გაიარა და სტუმრებმა ქართული ტურნე გამარჯვებით დაასრულეს - 24:22.
შეგახსენებთ, 6 დღის წინ ინგლისელებმა უმცროს ბორჯღალოსნებს ბოლო შედეგიანი შეტევით 24:17 მოუგეს და საქართველოს 20-წლამდელთა რეზერვთანაც იგივე განმეორდა. რუსთავში გამართული ეს შეხვედრა ბევრი რამით გავდა 2013 წელს საქართველოსა და აშშ-ს ნაკრებებს შორის ასევე რუსთავში გამართული მატჩით, განსაკუთრებით კი, ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით.
პირველი ტაიმი და მეორეს დასაწყისი ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად ჩაატარა. ანგარიში მე-6 წუთზე ბექა აბულაშვილმა ჯარიმით გახსნა, რასაც ინგილისელების ხანგრძლივი იერიშები მოყვა, თუმცა ქართველთა დაცვა შეუვალად იდგა. ტაიმის შუაში უმცროსი ბორჯღალოსნების რეზერვმა ბურთზე კონტროლი დაამაყარა და პირველივე გააზრებული შეტევა ლელოთი დაასრულა.
კარგად გათამაშებული კომბინაციის შედეგად ხაზი ორჯერ გაიჭრა, მარჯვენა ფრთაზე ზურაბ ქავთარაძე გაიქცა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა - 8:0. რადგან მასპინძელთა დაცვა გაუვალი იყო, ტაიმის ბოლოს ინგლისელებმა ჯარიმა კარში ორჯერ დაარტყეს, ერთი გაიტანეს და ტაიმი 8:3 დასრულდა. შესვენებამდე მსაჯმა გაასინბინა ჩვენი ფლანკერი ბექა ყორიაული.
მეორე ტაიმის მე-9 წუთზე სტუმრებმა არეკნით სხვაობა კიდევ უფრო შეამცირეს, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მალევე უპასუხეს და თავი ამჯერადა რუსთავის ‘ხარების’ ფრთამ, ქავთარაძემ გამოიჩინა. მგეზავმა რეზი ხარაზიშვილმა შენიშნა, რომ ინგლისელებს ხაზი ამოწეული ჰქონდათ, ბურთი ცარიელ ზონაში გადაკიდა და ლელოში მას ქავთარაძე დაეწია, აბულაშვილმა კი გარდასახა - 15:6.
ინგლისელებმა ჯარიმით სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირეს, მერე კობა კოლოტაური პროვოკაციაზე წამოიკიდეს და მოედანზე ორივე გუნდი 14-14 კაცით დარჩა. შექმნილი სივრცეებით მეტოქემ კარგად ისარგებლა და 72-ე და 74-ე წუთებზე ორი ლელო გაიტანა, რომელთაგან ერთი გარდასახა. მასპინძლებმა საკუთარი დერეფანი ორჯერ წააგეს, მაგრამ არ გატყდნენ, მესამე ჯერზე ყველაფერი სუფთად შეასრულეს და სტუმრებმა ლელოსგან თავის დასაღწევად ის წესების დარღვევით ჩააქციეს. შედეგად, საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და 22:21.
გამარჯვებამდე ბოლო შეტევის მოგერიება რჩებოდა, თითქოს მეტოქეს ბურთი წინ დაუვარდა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა ჰაერში თამაში დააფიქსირა, რითაც სტუმრებს მატჩის მოგების შანსი გაუჩნდათ და ზუსტი დარტყმის შემდეგ მეორე გამარჯვებითაც გაიხარეს - 22:24.
წყარო: rugby.ge