"მთელ ქუჩაზე ამოდის წყალი და საშინელი სუნია"

2026-11-13 19:14:53

რუსთავში სარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მაცხოვრებლებმა განუცხადეს, დაზიანებულია საკანალიზაციო მილი. ჭიდან ფეკალური მასები ამოდის, შედეგად კი ეზო და სარდაფები იტბორება.

"ერთი კვირაა ეს პრობლემა გვაქვს. ეზოში შემოდის სამი მეზობლის მილი, ჭა იჭედება და მეტბორება ეზო. მთელ ქუჩაზე ამოდის წყალი და საშინელი სუნია. გუშინ ორჯერ გაწმინდეს კონსტიტუციის ქუჩის მხარე და დღეს ისევ სავსეა",- ამბობს ადგილობრივი.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "ჯივიპი რუსთავსაც", სადაც აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მათი თანამშრომლები ადგილზე კიდევ ერთხელ მივლენ.