რუსთაველი მთამსვლელი ლევან მოსაშვილი საქართველოს ფეხით შემოივლის

2026-10-08 14:17:09

 

რუსთაველი მთამსვლელი, ლევან მოსაშვილი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილიდან დასავლეთ წერტილამდე მანძილს ფეხით გაივლის.

ლევანმა მსვლელობა ლაგოდეხიდან 7 ოქტომბერს დაიწყო და ბათუმში 20-25 დღეში გეგმავს. კახეთი უკვე გამოიარა და ახლა შიდა ქართლში იმყოფება, როგორც როგორც თავად ამბობს, საქართველოს ფეხით შემოვლის მიზანი არა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და ახალი თავგადასავლების აღმოჩენა, არამედ იმის ჩვენებაცაა, რომ საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია ჯერ კიდევ ცოცხალია.

ამ მსვლელობის მაყურებლებისთვისა და გულშემატკივრებისთვის მიცემული პირობის მიხედვით, ლევანისთვის დღის პროგრამა მინიმუმი 20 კილომეტრის გაავლაა.

"დაახლოებით 2 წელია, რაც ეს პროექტი თავში მიტრიალებდა. ამისთვის ბევრი მიზეზი მქონდა, პირველ რიგში საკუთარი თავისა და უნარების გამოცდა. ურთულესია ამხელა გზის მარტო, ფეხით და ბარგით გავლა, ღია ცის ქვეშ ძილი, საჭმლის მომზადება და ამ ყველაფრის ლოგისტიკა. მაგრამ მქონდა კიდევ უფრო მთავარი მიზეზიც, რომლის გამოც ძალიან მინდოდა, რომ ეს პროექტი აუცილებლად განმეხორციელებინა. ზოგადად, მსმენია და საზოგადოებაშიც გავრცელებულია ეს აზრი, რომ თანამედროვეობამ ქართული სტუმართმოყვარეობა რაღაცნაირად გადააჯიშა თუ გააქრო, რომ ტურიზმმა ყველა ფულის შოვნაზე გადაიყვანა და სტუმარ-მასპინძლობას აღარავინ სცემს პატივს. არადა მე პროფესიით მთამსვლელი და ალპინისტი ვარ და ისედაც ძალიან ბევრჯერ მიწევს სხვადასხვა უბრალო ადამიანებთან შეხვედრა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენში სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია არ არის გამქრალი და პირველ რიგში ამ პროექტით ამის დამტკიცება მინდოდა. ყველაზე კარგად ეს ამბავი გამოჩნდებოდა სწორედ მაშინ, თუ საქართველოს მთელ სიგრძეზე გადავკვეთავდი. რა თქმა უნდა, დღესდღეობით საქართველოს მთელ სიგრძეზე გადაკვეთა შეუძლებელია, რადგან აფხაზეთი და შიდა ქართლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერ დროებით არის ოკუპირებული, ამიტომ ავიღე დღეს შესაძლო ყველაზე გრძელი მარშრუტი, რომ სიგრძეში მაქსიმალურად ყველა რეგიონი მოვიარო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ასევე ახალი ემოციების მომიტანდა, გავიცნობდი ახალ ადამიანებს და არაერთი თავგადასავალი გადამხდებოდა, რაც ასეც ხდება. ამაში პირველივე დღეს დავრწმუნდი, როდესაც ლაგოდეხშივე ოჯახში შემიპატიჟეს, მოდი პური გავტეხოთ ერთადო და მიმასპინძლეს. იმავე დღეს გზად დამხვდა ადამიანი, რომელიც წინასწარ მელოდებოდა, რომ ჩემთან ერთად მწვადი შეეწვა და ერთად გვექეიფა. ანუ რის გამოც ყველაზე მეტად მინდოდა ამ პროექტის განხორციელება ფაქტობრივად პირველივე დღეებიდანვე დამტკიცდა, რომ ასეთი გულმხურვალე მასპინძლები ისევ არიან საქართველოში და ეს არ გამქრალა. ეს მხოლოდ პირველ დღეს არ მოხდა და იმის შემდეგ ყოველდღე არაერთი ასეთი ამბავი ხდება, იქნება ეს გზად ხელის გაქნევის გარეშე მანქანის გაჩერება და წაყვანის შემოთავაზება (რაზეც რა საკვირველია მადლობას ვუხდი და უარს ვამბობ) თუ სახლში შეპატიჟება და მაგალითად, ღამის გასათევის შემოთავაზება, ან ჩემი ბატარეების დატენვა, რაზეც ვთანხმდები, რადგან სწორედ ეს არის პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც. მაგალითად, სულ დღევანდელი ამბავი, საძილე ტომრის ქვეშსაგები გამისკდა და გუშინ მიწაზე მომიწია ძილი, ტანსაცმელი დავიფინე სხვა გამოსავალი რომ არ იყო. ეს ამბავი გაიგო ერთ-ერთმა გამომწერმა, რომელიც დღეს უბრალოდ ჩემს სანახავად და გასაცნობად გზად უნდა დამხვედროდა, ჯერ თბილისში ჩავიდა, იყიდა ახალი ქვეშსაგები და მომიტანა. არადა ახლა ისეთი მონაკვეთის გავლა მიწევს, რომ ახალ ქვეშსაგებს მინიმუმ რამდენიმე დღე ვერ ვიშოვიდი. ასეთი ხალხი ბევრია ჩვენს გარშემო და ძალიან მაგარია. ეს ყველაფერი მარწმუნებს, რომ ხმები თითქოს ჩვენში სტუმართ-მასპინძლობა გაქრა ზედმეტად გადაჭარბებულია. არ მსმენია, აქამდე რომელიმე ქართველს ასე ფეხით გადაეკვეთა მთელი ქვეყანა. ამიტომ მინდოდა პირველი ვყოფილიყავი და ვიცოდი, რომ ამ კუთხითაც მოეწონებოდა ხალხს ეს პროექტი და გვერდში დამიდგებოდნენ. საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთიდან ლაგოდეხიდან დავიწყე და ბათუმში ჩასვლით დავასრულებ. საერთო ჯამში 500 კილომეტრი გზის დაფარვა მომიწევს, რისთვისაც ჩემი გათვლებით 20-25 დღე დამჭირდება. რა ვადაში ჩავეტევი ამას ბევრი რამ განსზღვრავს. მაგალითად ამინდი, ასევე გზადაგზა წარმოქმნილი სირთულეები, მაგალითად ფეხსაცმელი ორჯერ გამიცვდა, ერთხელ დამეხმარნენ და სახლიდან გამოგზავნილი ფეხსაცმელი სრულიად უცნობმა ადამიანმა მომაწოდა, მეორედ კი მაღაზია CampShare-იდან დამიკავშირდნენ და ძალიან მაგარი ფეხსაცმელი მაჩუქეს. ამის გამო მარშრუტიდან ცოტა გადავუხვიე, მაგრამ სხვა გზა არ იყო. გარდა ამისა ჩნდებიან ადამიანები, რომელთაც სურთ, რომ მათ შევხვდე, რაღაცნაირად პატივი მცენ, გვერდში დამიდგნენ და ამ პროექტის მონაწილეები გახდნენ. ვერ წარმოიდგენთ, როგორი გულმხურვალე გულშემატკივრები გამოჩნდნენ, ადამიანები რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი მაგრამ „საქართველოს კვეთის“ იდეამ ისინიც აღაფრთოვანა და ზოგი ფულადი დონაციით, ზოგი მოდის და რამე საკვები მოაქვს და გზად მხვდება მის მოსაცემად, ან უბრალოდ მხვდებიან ხელის ჩამორთმევისთვის, რომ გამამხნევონ და მხარდაჭერა მაგრძნობინონ. და ეს ძალიან მაგარია, რადგან ვგრძნობ, რომ ეს უკვე მხოლოდ ჩემთვისაც აღარ არის, არამედ რაღაც საერთო საქმედ გადაიქცა და მეც ვცდილობ ჩემი ვიდეოები არ მოვაკლო. სოციალურ ქსელებში, სთორებში მუდმივად ვტვირთავ ჩემი თავგადასავლების ვიდეოებს. ასეთი თავგადასავლები დღეში არაერთი ხდება. წარმოიდგინეთ, ამ ჩართულობით ცხოველებსაც კი დავეხმარეთ. გზად შემხვდა „გადაყრილი“ კნუტები. აშკარა იყო, რომ ვიღაცამ დაყარა და ისეთი პატარები იყვნენ რომ გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. და როგორც კი დავდე ამის შესახებ ვიდეო, მაშინვე არაერთი ადამიანი გამომეხმაურა და ლოკაციის ჩაგდება მთხოვა, რომ კნუტები შეეფარებინათ და დღეს ყველა კნუტს უკვე სახლში ძინავს და პატრონი ყავს. ამიტომ ვამბობ, რომ რაღაც საერთო საქმედ გადაიქცა თქო ეს ყველაფერი. ამ ყველაფერს უზარმაზარი დადებითი ემოციები მოაქვს ჩემთვის, თუმცა, რასაკვირველია, სირთულეებიც არის. პირველ რიგში ზურგჩანთის წონა. რადგან მარტო მიწევს გადაადგილება - ფაქტობრივად ერთი პატარა სახლი მიწყვია ამ ჩანთაში. კარავი, ტაფა, გაზი - საჭმლის მოსამზადებლად, ყველა ამინდის შესაფერისი ტანისამოსი, დამტენები - რომ ტექნიკა მუდმივად დატენილი იყოს, თვითონ ტექნიკა და კიდევ უამრავი წვრილმანი რაც გადაადგილებისთვის, თუ პროექტის ბოლომდე მიყვანაში მჭირდება. და ეს ჩანთა მუდმივად ზურგზე მაქვს, ამას ემატება ფეხების დაჭიმულობა, და ცალკე ამბავია, რომ როცა პროექტი დავიწყე ცოტა მოძველებული ფეხსაცმელი მეცვა და ფეხები და ტერფები ძალიან დამიზიანა. მაგრამ ახლა CampShare-ის დახმარებით, ძალიან გამიადვილდა სიტუაცია. ძალიან ჯიგრულად დამიდგნენ გვერდით და ძალიან მადლობელი ვარ მათი. დღეს უკვე მეცხრე დღეა, რაც ფეხით საქართველოს გადაკვეთა დავიწყე. ამ ეტაპისთვის კახეთი უკვე გავიარე და ქართლში ვარ. საერთო ჯამში 200 კილომეტრი უკვე დავფარე. გუშინ თბილისიდან დასავლეთისკენ დავიძარი და დღეს ალბათ უკვე შიდა ქართლში დამიღამდება. ჩემი გამომწერებისთვის პირობა მაქვს მიღებული, რომ დღეში მინიმუმ 20 კილომეტრს მაინც დავფარავ და ვცდილობ ეს პირობა არ დავარღვიო. არის დღეები 30 კილომეტრსაც კი გავდივარ და ამ ყველაფრის ენთუზიაზმს ისევ ეს ხალხი მაძლევს, რომლებიც ფაქტობრივად ყოველწუთიერად მადევნებენ თვალს და მეხმიანებიან, მამხნევებენ და ა.შ. ზუსტად რა რიცხვში შევალ ბათუმში ამის ახლა თქმა საკაოდ გამიჭირდება, როგორც გითხარით ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა ყველა ვარიანტსი თვის ბოლომდე საქართველო სრულად მექნება გადაკვეთილი",- გვითხრა ლევანმა.