2026-10-14 14:16:00
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით რუსთავში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსთავში სხვადასხვა დაავადებაზე უფასო სკრინინგი 26 ოქტომბერს ფიროსმანის N17-ში ჩატარდება.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ: ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, პროსტატის, არტერიული ჰიპერტენზიის, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.