2026-10-07 11:22:47
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ღამით უკანონოდ შეაღწია თბილისში მდებარე ბინაში, სადაც მეპატრონეები იმყოფებოდნენ და 33 400 ლარის ღირებულების ძვირფასეულობას დაეუფლა. მას შემდეგ, რაც ბრალდებული ბინაში მყოფმა პირებმა შენიშნეს, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მან დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.