დევდორაკში ევაკუაცია გამოცხადდა

2026-09-25 11:39:00

დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ ევაკუაცია გამოცხადდა და გადაადგილება შეიზღუდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება. 
შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა.
ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია",- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებას ასევე ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მოსაგზაობას გზებზე გადაადგილებასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

"საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე,  დარიალის ხეობაში,  ძლიერი წვიმის შედეგად ჩაირთო დევდორაკის გამაფრთხილებელი სენსორი, ხეობაში 6 საათსა და 30 წუთზე გამოცხადდა ევაკუაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია",- ნათქვამია განცხადებაში.