2026-08-26 16:25:51
თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული მოზარდის ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ. მათი თქმით, სამძებრო სამუშაოები სათანადო ინტენსივობით არ მიმდინარეობს.
"გვესმის, რომ ბავშვი დაიღუპა, მაგრამ ოთხი დღეა ვერ პოულობენ. ნორმალურად არ ეძებენ ბავშვს. წყლის ფსკერამდე არ ჩადიან. ჩადიან და ორ წუთში ამოდიან. ბათუმიდან ჯგუფები ჩამოვიდნენ დასახმარებლად და მათ ამის უფლებასაც არ აძლევენ. ერთი ადამიანი როგორ ვერ იპოვეს? ოჯახის წევრები განადგურებულები არიან",- გვითხრა არასრულწლოვნის ბიძამ, ფამილ ნაბიევმა.
"ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ოჯახის პრეტენზიის საპასუხოდ აცხადებენ, რომ მოზარდის სამძებრო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი არიან მყვინთავები და გამოიყენება შესაბამისი ტექნიკა.