რუსთავსა და გარდაბანში ყალბ ოქროს აბარებდნენ [video]

2026-08-14 19:20:09

რუსთავსა და გარდაბანში ყალბ ოქროს აბარებდნენ. [video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 2 კაცი მეგობრობის გამზირზე არსებულ ლომბარდში მოოქროვილ ნაკეთობებს ოქროდ ასაღებდნენ და მოტყუებით აბარებდნენ. ბრალდებულები გარდაბნის მკვიდრები არიან.

ფაქტის შესახებ მალევე აცნობეს პოლიციას.

შსს-ს გარდაბნის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულები  რუსთავსა და გარდაბანში მდებარე  მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სხვადასხვა დროს მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 59 870 ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო დაკავებულების კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.