2026-08-13 19:00:17
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კომპლექსურ საპოლიციო და პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ. [video]
სამართალდამცველების მიერ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 135 პირი. მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.