"უსაფრთხო ონლაინმა" რუსთავში მეწარმეებისთვის ციფრული მარკეტინგისა და ონლაინ უსაფრთხოების შესახებ სამუშაო შეხვედრები გამართა

2026-08-07 13:22:33

"უსაფრთხო ონლაინმა" რუსთავში მეწარმეებისთვის ციფრული მარკეტინგისა და ონლაინ უსაფრთხოების შესახებ სამუშაო შეხვედრები გამართა.

მცირე ბიზნესისთვის ონლაინ სივრცე დღეს უკვე მხოლოდ დამატებითი საკომუნიკაციო არხი აღარ არის. სოციალური მედია, ციფრული მარკეტინგი, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები და ელექტრონული კომერცია ყოველდღიური საქმიანობის ნაწილად იქცა. ამ შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებისთვის მეწარმეებს სჭირდებათ არა მხოლოდ ცოდნა, როგორ მიაღწიონ ახალ მომხმარებლებს და განავითარონ გაყიდვები, არამედ როგორ წარმართონ ეს პროცესი უსაფრთხოდ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა 5 და 6 აგვისტოს, რუსთავში, SIQA სიქას ოფისში გამართული შეხვედრები თემაზე „ბიზნესის ონლაინ ზრდისთვის“. შეხვედრებში მონაწილეობდნენ რუსთავისა და მიმდებარე თემების მეწარმეები, რომლებიც სესიების განმავლობაში მუშაობდნენ ციფრული მარკეტინგის, ხელოვნური ინტელექტის, ელექტრონული კომერციისა და ონლაინ უსაფრთხოების პრაქტიკულ საკითხებზე. შეხვედრებს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი ნინო ლორია უძღვებოდა. 

სამი წელი უსაფრთხო ციფრული გარემოს გასაძლიერებლად

„უსაფრთხო ონლაინი: უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ სამწლიანი პროგრამაა, რომელსაც Mercy Corps საქართველოში და სომხეთში 2023 წლიდან ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ადამიანებისა და მცირე ბიზნესების უფრო უსაფრთხო მონაწილეობას ციფრულ ეკონომიკაში, გააძლიეროს ქალთა ჩართულობა და გაზარდოს ცოდნა იმ რისკების შესახებ, რომლებიც ონლაინ საქმიანობას ახლავს.

პროგრამა მუშაობს მცირე და საშუალო მეწარმეებთან, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართულ ადამიანებთან, სტუდენტებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. პროგრამის საწყის ეტაპზე საქართველოში და სომხეთში ჩატარდა კვლევები ონლაინ ძალადობასა და მის ეკონომიკურ გავლენაზე. მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე დაიგეგმა საგანმანათლებლო და პრაქტიკული აქტივობები, რომლებიც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფს ციფრულ სივრცეში უსაფრთხოდ მუშაობისთვის საჭირო ცოდნასა და ინსტრუმენტებს სთავაზობს.

მცირე ბიზნესისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სოციალური მედიის გვერდი ხშირად ერთდროულად არის სავიზიტო ბარათი, გაყიდვების არხი და მომხმარებელთან კომუნიკაციის სივრცე. ანგარიშის დაკარგვა, ფიშინგი, მომხმარებლის მონაცემების დაუცველობა ან არასწორად ორგანიზებული ონლაინ გადახდები შეიძლება პირდაპირ აისახოს, როგორც შემოსავალზე, ისე მომხმარებლის ნდობაზე. სწორედ ამიტომ, რუსთავში გამართული შეხვედრების დროს ონლაინ უსაფრთხოება ცალკე თემად არ დარჩენილა და სასწავლო პროცესის ყველა ძირითად ნაწილში იყო ინტეგრირებული.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით არ შემოიფარგლოს და მონაწილეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობაც მისცეს. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, მცირე ბიზნესმა ციფრულ სივრცეში უსაფრთხოდ, სწორად და წარმატებით შეძლოს მუშაობა“, ამბობს ირუშა სეფერთელაძე, „უსაფრთხო ონლაინის“ კომუნიკაციების სპეციალისტი.

რილსი: https://www.facebook.com/reel/1392397186361304

სოციალური მედია, AI და ონლაინ გაყიდვები პრაქტიკაში

შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედიის ეფექტური გამოყენება იყო. მონაწილეებმა იმუშავეს სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრაზე, Facebook-ისა და Instagram-ის ბიზნესისთვის გამოყენებაზე, კონტენტის ფორმატებზე, Reels-ზე, ორგანული წვდომის გაზრდასა და Canva-ს საშუალებით ვიზუალური მასალების შექმნაზე. თეორიულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პრაქტიკულ მუშაობასაც, მონაწილეები სავარჯიშოებს საკუთარ ბიზნესსა და პროდუქტებზე ასრულებდნენ, განიხილავდნენ რეალურ მაგალითებს და ტრენერთან ერთად ეძებდნენ გზებს, როგორ შეიძლებოდა მიღებული ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, ზოგადი თეორიული რჩევების ნაცვლად კონკრეტული ციფრული არქიტექტურის გაზიარება. მონაწილეებთან ერთად დეტალურად განვიხილეთ მომხმარებლის მიზნობრივი გზა (Customer Journey) დაწყებული ორგანული წვდომიდან და AI ინსტრუმენტებით ოპტიმიზებული კონტენტიდან, დამთავრებული უსაფრთხო გადახდის სისტემებით და მონაცემთა დაცვით. როდესაც მეწარმეს აქვს სწორი გაგება, თუ როგორ ინტეგრირდება მარკეტინგული ძაბრი (Funnel), პრომპტ-ინჟინერია და ტექნიკური უსაფრთხოება ერთიან ეკოსისტემაში, ციფრული არხები გადადის უბრალო „პოსტინგის“ რეჟიმიდან გაზომვად, პროგნოზირებად და უსაფრთხო ბიზნეს-შედეგზე.“  ნინო ლორია, მარკეტინგის ექსპერტი 

ცალკე ბლოკი დაეთმო ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს. მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია ChatGPT-ის, Claude-ისა და Gemini-ის გამოყენების შესახებ, იმუშავეს პრომპტების სწორად შედგენაზე და ნახეს, როგორ შეიძლება AI-ის გამოყენება სოციალური მედიის ტექსტების, სლოგანების, კონტენტის კალენდრისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მოსამზადებლად. მთავარი აქცენტი გაკეთდა არა ტექნოლოგიის სირთულეზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მცირე ბიზნესმა ეს ინსტრუმენტები ყოველდღიური ამოცანებისთვის გამოიყენოს და დრო თუ რესურსი დაზოგოს.

ელექტრონული კომერციის ნაწილში საუბარი შეეხო სოციალური ქსელებიდან გაყიდვებს, საკუთარ ვებგვერდებსა და ადგილობრივ ონლაინ პლატფორმებს, მომხმარებლის გზას პირველი პოსტიდან შეძენამდე, ონლაინ გადახდებს, მიწოდების სერვისებსა და მომხმარებლის ნდობის მნიშვნელობას. პარალელურად, მონაწილეებმა იმუშავეს სოციალური მედიის ანგარიშების დაცვის, ორფაქტორიანი ავტორიზაციის, უსაფრთხო პაროლების, ფიშინგის ამოცნობისა და მომხმარებლის მონაცემების დაცვის საკითხებზე.

„შეხვედრაზე მიღებული ცოდნა ჩემთვის ნამდვილად პრაქტიკული იყო. ბევრი ისეთი რამ გავიგე, რომლის გამოყენებასაც ყოველდღიურ საქმიანობაში შევძლებ. განსაკუთრებით საინტერესო იყო სოციალური მედიისა და ხელოვნური ინტელექტის თემები, რადგან ეს ყველაფერი ჩემი ბიზნესის უკეთ მართვასა და გაყიდვების გაზრდაში დამეხმარება“, ამბობს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.

უსაფრთხო ციფრული ზრდა

ბოლო წლებში მცირე ბიზნესისთვის ციფრული შესაძლებლობების გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუმცა ონლაინ სივრცეში ყოფნა თავისთავად წარმატებას არ ნიშნავს. აუცილებელია, ბიზნესმა იცოდეს, როგორ წარმოადგინოს საკუთარი პროდუქტი, როგორ დაუკავშირდეს მომხმარებელს, როგორ გამოიყენოს ახალი ტექნოლოგიები და ამავე დროს როგორ დაიცვას საკუთარი ანგარიშები, მონაცემები და მომხმარებლის ნდობა.

„უსაფრთხო ონლაინი“ სწორედ ამ ორი მიმართულების დაკავშირებას ცდილობს: ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ უსაფრთხოების. პროგრამის ფარგლებში მეწარმეებთან მუშაობის გარდა, ხორციელდება ინიციატივები ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით. შექმნილია Travel Collection, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო რესურსები, ასევე მიმდინარეობს მუშაობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ონლაინ უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერებაზე.

რუსთავში გამართული შეხვედრებიც ამ მიდგომის ნაწილია: ბიზნესისთვის ახალი ციფრული შესაძლებლობების გაცნობა, მათი პრაქტიკაში გამოცდა და იმ უნარების გაძლიერება, რომლებიც მეწარმეებს ონლაინ სივრცეში უფრო ეფექტიანად და უსაფრთხოდ მუშაობაში დაეხმარება. 

პროექტი მხოლოდ ცოდნის გაზიარებით არ დასრულებულა. მიღებული შედეგების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ტრენინგის ბაზაზე შეიქმნა სპეციალური სოციალური მედია ჯგუფი, რომელმაც 40-ზე მეტი ადგილობრივი მეწარმე ერთიან ციფრულ სივრცეში გააერთიანა. ეს პლატფორმა მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ყოველდღიურ რეჟიმში გაუზიარონ ერთმანეთს პრაქტიკული გამოცდილება, დასვან ტექნიკური შეკითხვები, მიიღონ უკუკავშირი და დაგეგმონ B2B პარტნიორობები.ამგვარად, პროექტმა საფუძველი ჩაუყარა მყარ, ურთიერთმხარდამჭერ ბიზნეს-საზოგადოებას, სადაც ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი უწყვეტად გრძელდება.

ინფრმაციას "სიქა" ავრცელებს.