2026-08-09 11:52:26
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 11 ივლისს, ქუთაისში, ქალბატონს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა, პისტოლეტის მუქარით ძვირფასეულობის გატაცება სცადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული ქალბატონი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.