გლოვოს კურიერზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

2026-08-09 11:43:49

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს,  მათ შორის, 2 არასრულწლოვანია.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს",- ნათქვამია განცხადებაში.