აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა

2026-08-09 11:38:56

აშშ-მა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიზანში კრიპტოკომპანიები ამოიღო, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს.

დასანქცირებულ პირთა შორის არის ირანში დაბადებული სიავაშ კაივანპური, რომელსაც დამატებით გააჩნია დომინიკისა და ავღანეთის მოქალაქეობები და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხოვრობს. კაივანპური კომპანიების მრავალეროვან ქსელს მართავს, რომელიც მხარს უჭერენ ციფრული ვალუტის უკანონო აქტივობას.

"კაივანპური, საქართველოს რესპუბლიკაში დაფუძნებული კომპანია „შპს შელბით“-ის მეშვეობით Shelbit Exchange-ს მართავს. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ კუთვნილმა ციფრული ვალუტის მისამართებმა Shelbit Exchange-ის ციფრული ვალუტის მისამართზე 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივები გააგზავნეს. ასევე, Shelbit Exchange-ის მისამართებიდან „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ციფრული ვალუტის მისამართებზე 2 მილიონ დოლარზე მეტი თანხა გადაირიცხა“, - ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

კრიპტოკომპანიის სანქცირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. მათი ცნობით, კომპანია არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებულ სუბიექტს.

"ქვეყნის ტერიტორიაზე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის (VASP) საქმიანობა წარმოადგენს მკაცრად რეგულირებად სფეროს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ახორციელებს ამ ტიპის საქმიანობას, უნდა გაიაროს სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს - შპს „შელბითს“ (SHPS SHELBIT) - ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს.

ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის.

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს "მნიშვნელოვნად შესაბამისს" (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს",- ნათქვამია განცხადებაში.