2026-08-05 11:36:37
"ყაზბეგის" საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით აწარმოებდნენ.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 713.3 გრამი, 143 817 ლარის საბაჟო ღირებულების ოქროს ზოდები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.