რუსთავში, თუ სამშენებლო კომპანია გზას დააზიანებს, მისი შეკეთების ვალდებულება ეკისრება

2026-07-15 11:56:39

რუსთავში სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს მუნიციპალური ინსპექცია დაასურათებს იმ ქუჩებს, რომლებსაც სამშენებლო კომპანია სამუშაოების ჩასატარებლად მძიმე ტექნიკის გადაადგილებისთვის გამოიყენებს. 

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ პირდაპირ ეთერში განუცხადა, ხშირია შემთხვევები, როცა სამშენებლო კომპანიები მძიმე ტექნიკის გადაადგილებით საგზაო ინფრასტრუქტურას აზიანებს. 

მერის თქმით, სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს ქუჩების დამისამართება მოხდება და თუკი კომპანია მას დააზიანებს, ვალდებული იქნება, გზა შეაკეთოს და პირვანდელ მდგომარეობამდე მიიყვანოს.

"მოსახლეობა ძალიან ხშირად გვწერს, რომ ახალი მშენებლობების მიმდებარე ქუჩებზე სამშენებლო კომპანიები აზიანებენ საგზაო ინფრასტრუქტურას. 

ბოლო პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამკაცრებულია მიდგომები კომპანიებთან. ინსპექციას დაევალა, რომ დაასურათოს მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს მიმდებარე ქუჩები, რომელთაც გამოყენებითაც გადაადგილდება მძიმე ტექნიკა. კომპანია ვალდებული იქნება, რომ ხელი მოაწეროს არსებულ მდგომარეობას და თუ ამ ქუჩების დაზიანება მოხდება, ვალდებული იქნება, რომ პირვალდელ სახემდე მოიყვანეს ის ტერიტორია, რომელიც მისი საქმიანობიდან გამომდინარე დაზიანდება.

კომპანიას ვაძლევთ საშუალებას, რომ გამოიყენოს საგზაო ინფრასტრუქტურა, თუმცა ასევე ძალიან მკაცრად მოვთხოვთ, რამდენჯერაც ეს საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდება ვალდებული იქნება, რომ შეკეთებით აანაზღაუროს და გარშემო მაცხოვრებლებს არ შეუქმნას დისკომფორტი",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.