2026-07-10 18:53:49
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, იაღლუჯის ფერდზე და ქალაქის შემოსასვლელში არსებული მიწების მფლობელები შეიკრიბნენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში რუსთავის დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარემ დავით მეტრეველმა განაცხადა, გუბერნატორთან შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ მიწების დაკანონების თემაზე ესაუბრათ.
"ჩვენი გუბერნატორთან შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, რომ გაგვერკვია იაღლუჯის ფერდზე და რუსთავის შემოსასვლელთან არსებული მიწის ნაკვეთების თემა. საბოლოო სიტყვა იყო ბატონი ილიასგან, რომ საინიციატივო ჯგუფი შეიკრიბება შევხვდებით მას და შესაბამის პასუხს მივიღებთ. როგორც ითქვა იაღლუჯის მიწის საკითხი ძალიან წინ არის წასული და დასასრულს უახლოვდება. ინფორმაციას პარასკევს 5 საათზე მოგვაწვდიან",- განაცხადა დავით მეტრეველმა.
ასევე "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში გუბერნატორმა, ილია ჯალაღანიამ განაცხადა, რომ თემასთან დაკავშირებით კომისია უკვე შეკრებილია და სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
"უწყებათაშორისი კომისია შეკრებილია ამ თემასთან დაკავშირებით. სამუშაო ბოლო ეტაპზეა გასული. იალღუჯის მიწებთან დაკაბშირებით ვასრულებთ სამუშაოს. სამუშაო პროცესის დასრულებისთანავე გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას. რა თქმა უნდა გვაქვს პოზიტიური მოლოდინებ. ჩვენთან კერძო საკუთრება კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა",- განაცხადა ილია ჯალაღანიამ.
გუბერნატორი ნაკვეთების მფლობელებს შეპირდა რომ შემდეგ პარასკევს მიაწვდის მათ დეტალურ ინფორმაციას.