სოფელ კრწანისში სასმელ წყალში ნავთობი გაერია

2026-06-25 14:32:22

გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ კრწანისში ნავთობის მილი დაზიანდა და წიაღისეული სასმელ წყალს შეერია.

აღნიშნულის გამო მოსახლეობა სოფლის გამგეობასთან შეიკრიბა. ადგილობრივების თქმით, სოფელს წყალმომარაგების პრობლემა წლებია აქვს.

ამბობენ, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე მერიისგან იღებენ დაპირებებს, რომ მოწესრიგდება მილები, მაგრამ უშედეგოდ.

24 საათიანი წყალმომარაგების არქონის გამო, მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლებში რეზერვუარები უდგას. ნავთობიანმა წყალმა კი არამხოლოდ მილები, არამედ რეზერვუარებიც დააზიანა და გამოუსადეგარი გახადა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" ადგილობრივმა, ზაზა არღვლიანმა განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღება და წყლის სისტემის მოწესრიგებაა.

"ვითხოვთ 24 საათიან წყალმომარაგებას. არჩევნებიდან  არჩევნებამდე გვატყუებენ რომ ტენდერი შედგა. საბავშვო მოედანი გაგვიკეთეს, არც შემოღობეს და საქონელი ადის და ზედ ისაქმებს. ძალიან აღელვებულები ვართ.

თბილისიდან ერთი ხელის გამოწვდომაზე ვცხოვრობთ და ესეთ უპატრონობაში ვართ. ღვთისმშობელი გვფარავს თორე ვიღაცამ რომ მოინდომოს დაგვხოცავს აქ ხალხს.

წყალში მთელი ნაგავი იწურება, ჯივიპის რომ დავურეკე და არ მოგვაქციეს ყურადღება. გარდაბნის მერს დავურეკეთ და არ გვიპასუხა. მერე მერიის სხვა თანამშრომელს დავურეკე და განცხადება დაწერეო. ახლა არის განცხადების გაგზავნის დრო? განგაშის ზარი არის შემოსაკრავი",- აცხადებს ზაზა არღვლიანი. 

"ინფო რუსთავი" ნავთობის მილის მფლობელ კომპანიას  შპს "ბლოკ ოფერეითინგ კომპანის" დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მიმდინარეობს მოკვლევა, სად და რის გამო დაზიანდა მილი, რის შემდეგაც მიიღებენ საჭირო ზომებს. 

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "ჯივიპის", სადაც განაცხადეს:

"სოფელ კრწანისის შიდა წყალმომარაგების ქსელი არ წარმოადგენს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) საკუთრებას, შესაბამისად კომპანია აღნიშნულ ქსელს ექსპლუატაციას არ უწევს.

მიუხედავად ამისა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აქტიურად ჩაერთო ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემის მოგვარებაში.

ამ ეტაპზე ჩვენი სპეციალისტების ჩართულობით, ინტენსიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელების რეცხვა და სასმელი წყლის ლაბორატორიული შემოწმება. მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგება მას შემდეგ, რაც სოფელ კრწანისში სასმელი წყლის ხარისხი სრულად დააკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს"

ასევე დავუკავშირდით გარდაბნის მერიას და ისინი ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.