2026-06-17 18:29:31
რუსთავში მშენებარე კორპუსებში ბინების შეძენის მსურველთა რიცხვი მატულობს, იზრდება 1 კვ.მ-ის ფასიც.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, მშენებარე კორპუსებში ძირითადად რა ეროვნების მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს და ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის გაყიდვების მენეჯერებს ვესაუბრეთ.
ყველა მათგანი ამბობს, რომ მშენებარე კორპუსებში ბინის შემსყიდველთა დიდი უმრავლესობა ქართველია. ხშირია შემთხვევა, რომ ბინას ემიგრაციაში წასული რუსთაველის მიერ გამოგზავნილი თანხით მისივე ოჯახის წევრი ყიდულობს.
გაყიდვების მენეჯერის მანჩო მარღანიას თქმით, ძალიან იშვიათია რუსთავში ბინა უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეიძინოს.
"50/50-ზე არის. იგივე რაოდენობის ემიგრანყი ყიდულობს რუსთავში, ბინას, რამდენიც აქ მცხოვრები. 9 სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობ და ბინებს ძირითადად ქართველები ყიდულობენ. რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როცა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელს მივყიდეთ ბინა. მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, გერმანიის მოქალაქეზე ბინის გაყიდვის, ისიც თვითონ მომხმარებელი ქართველი იყო, უბრალოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა",- გვითხრა მანჩო მარღანიამ.
გაყიდვების მენეჯერები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ რუსთავში ბინებს ხშირ შემთხვევაში საინვესტიციოდ ყიდულობენ და ასეთ შემთხვევაში მოთხოვნა ძირითადად დაბალი კვადრატულობის პროექტებზეა.