ტვ პირველმა გაავრცელა კადრები სადაც ჩანს თუ როგორ ძალადობენ პოლიციელები დაკავებულებზე

2026-06-13 00:39:36

ტვ პირველის მიერ, "მელაძის შაბათის" ანონსში გასულ კადრებში სადაც ჩანს რომ სამართალდამცავები დაკავებულ ახალგაზრდებს ფიზიკურად უსწორდებიან საზოგადოების ნაწილის გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის ლიდერები პოლიციელების მხრიდან მომხდარ ძალადობას გმობენ და აცხადებენ რომ აღნიშნული ფაქტები სისტემატიურად ხდება პოლიციაში.

ვიდეოს სოციალურ ქცელში გავრცელების შემდეგ განცხადება გაავრცელა შსს-მ.

"ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელდა გადაცემის ანონსი, რომელიც ასახავს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს.

საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული.

აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შენაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში.