პოლიციამ 7 პირი სხვადასხვა დროს დააკავა

2026-06-12 11:14:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 7 პირი სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება - ჯამში ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.