მეზობელმა მეზობელი მოკლა

2026-06-10 11:32:26

ზუგდიდში მეზობელმა მეზობელი მოკლა, რის შემდეგაც სიცოცხლე თავადაც თვითმკვლელობით დაასრულა.

არსებული ინფორმაციით, 55 წლის კაცს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით 70 წლის კაცმა მიაყენა. მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, მიწის გამო დაწყებული დავაა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

"გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მამაკაცმა, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა მომხდარიდან მალევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.