აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში ქართველი გარდაიცვალა

2026-06-10 11:08:33

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის დაკავების ცენტრში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, 43 წლის მამუკა ართმელაძე 4 ივნისს, ლუიზიანას შტატში მდებარე უინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.

ICE-ის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოს მოქალაქე საპატიმროში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი გვამის გაკვეთის შედეგად დადგინდება“, - განაცხადა ICE-მა.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ნიუ ორლეანში თებერვალში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს, რომელიც „მიმართული იყო კომერციული ავტომობილების მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ“.

ABC News-ი წერს, რომ მამუკა ართმელაძე 50-ე ადამიანია, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მეორე ვადის განმავლობაში ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა.