2026-05-28 11:27:19
რუსთავში რამდენიმე ბინის ქურდობის ბრალდებით სამართალდამცავებმა წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სხვადასხვა დროს, რუსთავში მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან, ფარულად, უკანონოდ დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას და ძვირფასეულობას.
პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა, ხოლო ნაქურდალი თანხისა და ძვირფასეულობის ნაწილი, ასევე, საკეტის გასახსნელი ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.