2026-05-23 14:36:18
აშშ-ში მყოფმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთაც საიმიგრაციო სტატუსის შეცვლა სურთ, „მწვანე ბარათის“ მისაღებად განაცხადი აშშ-ის დატოვებისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უნდა გააკეთონ.
ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურზე (USCIS) დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სააგენტოს რესურსებს გამოათავისუფლებს, რათა ვიზებთან დაკავშირებით სხვა საქმეები განიხილოს.
„როდესაც უცხოელები განაცხადს თავიანთი ქვეყნებიდან აკეთებენ, ეს იმ პირთა პოვნისა და გაძევების აუცილებლობას ამცირებს, რომლებიც ბინადრობის ნებართვაზე უარის შემდეგ მიმალვას ან აშშ-ში არალეგალურად დარჩენას ირჩევენ. დროებითი ვიზის მქონე პირები, როგორიცაა სტუდენტები, დროებითი მუშები ან ტურისტული ვიზის მქონე პირები, აშშ-ში მოკლე ვადით და კონკრეტული მიზნით ჩამოდიან. ჩვენი სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ მათ ქვეყანა ვიზიტის დასრულების შემდეგ დატოვონ. მათი ვიზიტი „მწვანე ბარათის“ მიღების პროცესში პირველი ნაბიჯის ფუნქციას არ უნდა ასრულებდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.