2026-05-23 01:45:08
მერიასა და "ბრავოს" შორის შეთანხმება ვერ შედგა.
შეგახსენებთ რომ შეხვედრამდე შენობას ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდა, რასაც "ბრავოს" პროტესტი მოჰყვა. რუსთავის მერია კი ელ.ენერგიის მიწოდების შეზღუდვას ხელშეკრულების ვადის ამოწურვას უკავშირებს.
რუსთავის მერიაში თეატრი "ბრავოს" დამფუძნებლების, სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებსა და მერიის ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა თავიდანვე დაძაბულ ვითარებაში წარიმართა და დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. საუბარი ქიმიკოსთა კულტურის სახლის იჯარით გაცემას და მისი სარგებლობის ვადის ამოწურვას ეხებოდა.
"მე ბავშვებს შევთავაზე რომ, მათ ექნებათ სცენა ცენტრალურ თეატრში. სადაც ითამაშებენ სპექტაკლებს რომლებიც აქვთ დადგმული და რომლებშიც ძალიან დიდი სიყვარული და მონდომება ჩადეს. ეს შემოთავაზება ძალაში იქნება იქამდე სანამ ბავშვები საჭიროდ ჩათვლიან.
სექტემბრიდან გავხსნით კულტურის სახლს, რომელიც არის ულტრა-თანამედროვე და ყველა იმ შესაძლებლობებით აღჭურვილი, რაც დღევანდელ ბავშვს განვითარებისთვის სჭირდება. უნიკალური სცენა, გახმოვანება, ჩამწერი სტუდიები, მოწესრიგებული სველი წერტილები, ადაპტირება აბსოლუტურად ყველაფერია. ამაში ჩვენ დიდი ენერგია ჩავდეთ რომ ეს შესაძლებლობა შეგვექმნა.
2022 წელს სახელმწიფო აუდიტმა დაგვავალა, რომ გადაგვეხედა ყველა იმ იჯარისთვის რომელიც დიდი ხნის წინ იყო გაცემული. 500 ლარიანი იჯარა გაიზარდა 3200 ლარამდე, რაც მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გადაიხადეს.
ჩვენ გავაფრთხილეთ წინასწარ რომ ხელშეკრულებას გასდიოდა ვადა. მათ ზუსტად იცოდნენ, რომ ეს შენობა მათ მერიიდან მიიჯარებული ქონდათ 2026 წლის 30 აპრილამდე.
რუსთაველის ქუჩაზე გვაქვს ძალიან დიდი სარეაბილიტაციო სამუშაოები კორპუსებზე, სადაც ფასადთან ერთად საძირკველიც მაგრდება.
ვიზუალური დათვალიერებით შენობა არის მძიმე მდგომარეობაში. დანარჩენს სამართლებრივად მერიის სამსახური შ.პ.ს. ბრავოსთან ყველა დეტალს გაარვევს", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
განსხვავებული პოზიცია აქვს ბრავოს დამფუძნებელს.
"ჩვენ მოლოდინი გვქონდა, ერთი სიტყვით მაინც მოვისმენდით, რომ ან გაუგებრობა იყო ან არ ვიცოთ ან შემთხვევით მოხდა შუქის გათიშვა. ველოდით რომ კომენტარს გააკეთებდნენ იმაზე, რომ შუქის ჩაქრობა შენობაში როდესაც იქ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი როცა იქ სპექტაკლები არის ვფიქრობ რომ უხერხულია.
ჩვენ სემეკს მივმართეთ, რომ ჩვენ არც ერთი გაფრთხილება არ მიგვიღია, არც ენერგო პროსგან და არც მუნიციპალიტეტისგან.
შეხვედრაზე ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები ფაქტიურად არაფერი განხილული არ იყო.
რა თქმა უნდა შეხვედრა იყო ემოციური. ძნელია უემოციოდ შეხვდე იმას რომ პრემიერისთვის ემზადები და შუქს გიქრობენ. ეს შეხვედრა არ იყო პროდუქტიული და ეფექტური.
შენობა სულ დანგრეული გახლდათ. თუ რამე კარგი მოხდა, მოხდა იმის შემდეგ რაც მანდ ბრავო განთავსდა.
ჩვენ ნებისმიერი ვერსიის განხილვისთვის მზად ვართ ყოველთვის და ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი ორგანიზაცია"- განაცხადა გეგი ლიპარტელიანმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრის შესაძლოა უახლოეს დღეებში გაიმართოს.