რა ჯდება ბანკეტი და ბოლო ზარი რუსთავში

2026-05-21 11:35:44

რუსთაველი კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებამდე სკოლის დამთავრებას, ბოლო ზარს და ბანკეტს აღნიშნავენ.

რამდენადაც ბანკეტი სასიამოვნო საღამოა, იმდენად სამზადისიდან გამომდინარე ძვირადღირებულია

რა უჯდებათ რუსთაველ კურსდამთავრებულებსა და მათ მშობლებს ბანკეტი?

"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა მოგაწოდოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ჯდება რუსთავში გამოსაშვები საღამოს მოწყობა.

გოგონებს კაბების შეძენა იაფფასიანი სეგმენტის ბრენდებში 90-დან 300 ლარამდე შეუძლიათ. დაახლოებით იგივე ღირს საღამოს კაბები ბაზრობებზე, თუმცა შეიძლება მათმა ფასმა 500 ლარსაც გადააჭარბოს. დაახლოებით 90-დან 120 ლარამდე შეგიძლიათ ფეხსაცმლის შეძენაც.

თუ კაბას საკუთარი დიზანით მკერავს აკერინებთ, ამ შემთხვევაში კაბის ფასი დამოკიდებულია კაბის ნაჭრის სიგრძეზე, ხარისხზე, ნაჭრის ტიპზე და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ფასი დაახლოებით 250 -დან 400 ლარამდე მერყეობს, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება 400 ლარსაც გადააჭარბოს.

სამზადისისას თანხა საბანკეტო მაკიაჟისა, ფრჩხილებსა და ვარცხნილობისთვისაც უნდა გაითვალისწინოთ.

ფასი სალონების პრესტიჟზე, ვარცხნილობაზე და მაკიაჟის სირთულეზე არის დამოკიდებული.

რუსთავში  საბანკეტოდ სალონის მომსახურება გოგონებისთვის 150 -დან 300 ლარამდე მერყეობს. ფრჩხილების შილაკის ფასი კი 35-დან 120 ლარამდე.

გამოდის, რომ რუსთაველ გოგონების ბანკეტისთის მომზადებაში საშუალოდ 400-1000 ლარამდე სჭირდებათ. 

რაც შეეხება ბიჭებს, ბიჭები უმეტესად პერანგს, შარვალს, ფეხსაცმელს იცმევენ და ჰალსტუხს ან ე.წ ბაბოჩკას იკეთებენ.

ლილოს ბაზრობაზე პიჯაკების ფასები 300 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს. ფეხსაცმლის ყიდვა იქვე 150 -დან 400 ლარამდე შეგიძლიათ. პერანგის შეძენას 25 ლარადაც შეძლებთ და 100 ლარადაც.

საშუალოდ ბიჭებს გამოსაშვები საღამოსთვის მომზადება 500 ლარიდან – 1000 ლარამდე დაუჯდებათ.

თუ კურსდამთავრებულები ბანკეტს რუსთავის რომელიმე რესტორანში გადაიხდიან, ფასები მენიუს გათვალისწინებით, ერთ პერსონაზე 35 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე მერყეობს.

რუსთავში ფოტოგრაფის მომსახურება მინიმუმ 1000 ლარიდან იწყება და 2000  ლარამდე მერყეობს, ვიდეო გადაღების ფასი კი იმისდა მიხედვით, გინდათ თუ არა დრონის მომსახურება და ა.შ.  1000-1500 ლარია.

თუ გავითვალისწინებთ სხვა წვრილმან ხარჯებსაც, რომელიცაა ყვავილები, მანქანა, აქსესუარები და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველ კურსდამთავრებულებს ბანკეტი დაახლოებით 1000-2000 ლარი უჯდებათ.