"დამსაქმებლები თანამშრომლებს უთვალთვალებენ"

2018-03-05 12:48:00

ზოგიერთ ორგანიზაციაში დამსაქმებლები თანამშრომლებს უთვალთვალებენ - ამის შესახებ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა ანგარიშშია ნათქვამი.

კერძოდ, ინსპექტორის აპარატმა საჯარო და კერძო უწყებების 2400-ზე მეტი ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობის შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო 25 ორგანიზაცია დააჯარიმა.

ანგარიშს თანახმად, საქართველოში მოქმედ ზოგიერთ კერძო კომპანიაში სამუშაო ადგილებზე ვიდეო თვალთვალი დასაქმებული პირების გაფრთხილების გარეშე მიმდინარეობს. დამსაქმებლები თვალთვალს თანამშრომლების ქცევის, ჩაცმულობის, კომუნიკაციის კონტროლის მიზნით იყენებენ. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეომონიტორინგის ფაქტებიც.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულების უფლებების დამრღვევთა შორის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგებელიც მოხვდა, რომელიც თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის კონტროლს ვიდეოსათვალთვალო სისტემისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით ახორციელებდა.

"ხშირად ორგანიზაციები დასაქმებულ პირთა საქმიანობის, კომუნიკაციის, გარეგნობის, ჩაცმულობის ვიდეომონიტორინგს მომსახურების ხარისხის კონტროლით ასაბუთებენ, რაც ცალსახად ვერ ჩაითვლება ვიდეოთვალთვალის დასაშვებ მიზნად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონიერი მიზნის არსებობის შემთხვევაში, ყველა დასაქმებული წერილობითი ფორმით იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ." - აღნიშნულია ანგარიშში.

დაჯარიმებულ ორგანიზაციებს ვიდეო გადაღების შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, დასაქმებულთა ინფორმირება და სხვა წესების დაცვა დაევალათ.

ავტორი: ირმა კურტანიძე