2026-05-13 13:27:54
რუსთავში სასწრაფოს ექიმებმა გადაარჩინეს ქალი, რომელიც უგონოდ იყო და არ სუნთქავდა.
ინფორმაციას გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" აქვეყნებს.
"სასწრაფო დახმარების რუსთავის მე-2 ბრიგადამ გამოძახება მიიღო ლოზუნგით „უგონო“.
სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე 85 წლამდე ქალბატონი უგონო მდგომარეობაში დახვდა. პარამედიკოსი ნანა ლაზარაშვილი იხსენებს, რომ მისვლისას პაციენტი არ სუნთქავდა და მაგისტრალურ არტერიაზე პულსი არ ისინჯებოდა.
ოჯახში ქალბატონის შვილიშვილები იმყოფებოდნენ, რომელთა გადმოცემითაც ბებომ მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც უეცრად გონება დაკარგა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია, მონიტორზე ასისტოლია ფიქსირდებოდა, ვინაიდან მედიკამენტების ინტრავენულად შეყვანა შეუძლებელი იყო, პარამედიკოსმა ნანა ლაზარაშვილმა ადრენალინის მისაწოდებლად ძვალშიდა კათეტერი გამოიყენა. უწყვეტი რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად საძილე არტერიაზე პულსაცია გაჩნდა, მონიტორზე სინუსური რითმი დაფიქსირდა, აღდგა სუნთქვა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი გლაზგოს შკალის 10 ქულით უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში გაგრძელდა, სადაც პაციენტს ჰიპოკალემია დაუდგინდა , რამაც გულის გაჩერება გამოიწვია. ამჟამად პაციენტი პალატაშია გადაყვანილი, თავს კარგად გრძნობს და ბინაზე მალე გაეწერება.
ნანა ლაზარაშვილი საუბარში აღნიშნავს, რომ პაციენტის გადარჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ექთანს ირმა შავშიშვილს და მძღოლს პაატა რთველიაშვილს.
გვეამაყება: პარამედიკოსი ნანა ლაზარაშვილი, ექთანი ირმა შავშიშვილი,
მძღოლი პაატა რთველიაშვილი",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.