ოჯახის დაყაჩაყებისთვის 1 პირს ბრალდება წარედგინა

2026-04-28 17:26:23

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 აპრილს, ბრალდებული თანამზრახველებთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში დაზარალებულის ოჯახს და მუქარით მიისაკუთრა დიდი ოდენობით თანხა.

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულის მომზადების და ჩადენის შესახებ ბრალდებულმა ინფორმაცია მიაწოდა მეორე პირს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების და ჩადენის შესახებ იცოდა, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2026 წლის 26 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) და 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების და ჩადენის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.