2026-04-28 11:21:11
"იქნება სანქციები, რომ ქალაქში სატრანსპორტო სისტემა მოწესრიგდეს და რაც შეიძლება უსაფრთხო გახდეს გადაადგილება",- ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში ტროტუარებზე, მწვანე სივრცეებსა და არასაპარკინგე ადგილზე ავტომობილების დაპარკინგების პრობლემის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ლაცაბიძის თქმით, საკრებულოსთან ერთად მუშაობს შესაბამის დოკუმენტებზე, რომლებიც ქალაქში ქაოტურად დაპარკინგებული ავტომობილების პრობლემას აღმოფხვრის. განიხილება საჯარიმო თანხის გაზრდა.
"საკრებულოსთან ერთად ვამზადებთ სპეციალურ დოკუმენტებს, რომლითაც ვფიქრობთ, რომ გამკაცრება დღეს აუცილებალია, რათა გადაადგილება შეძლოს, მაგალითად, მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. მქონდა შეხვედრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტობუსის მძღოლებთან, მათთან ერთადაც ვისაუბრე ამ საკითხზე და ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა მუნიციპალური ავოტობუსის გაჩერებაზე ადამიანს საკუთარი მანქანა აქვს გაჩერებული და საფრთხეს უქმნის, როგორც ავტობუსის მძღოლს, ასევე ქვეითად მოსიარულეს. ბევრი გამოწვევაა, მათ შორის დაშლილი და მიტოვებული ავტომობილები რეკრეაციულ სივრცეებში. აღმაშენებლის ქუჩაზე მწვანე სივრცეებშია გაჩერებული ავტომობილები.
ვამზადებთ სპეციალურ დოკუმენტებს და საკანონმდებლო ცვლილებას ჩვენს აქტებში, რომლითაც შევალთ საკრებულოში. მათ შორის იქნება სანქციები, რომ ქალაქში სატრანსპორტო სისტემა მოწესრიგდეს და რაც შეიძლება უსაფრთხო გახდეს გადაადგილება, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტისთვისაც, ქვეითად მოსიარულესთვისაც და ყველასთვის, ვინც ვსარგებლობთ იმ საგზაო ინფრასტრუქტურით, რომელიც, სამწუხაროდ, ამ მანქანების გამო არის გადატვირთული",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.