2026-04-08 11:33:21
"მას შემდეგ რაც სასამართლოს მივმართავთ და დავიწყებთ აღნიშნული მიწისი ნაკვეთის ბედის გარკვევას, აუცილებლად უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ, როდის მოწესრიგდება სადგურის მოედნის ტერიტორია, ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
ლაცაბიძის თქმით, რკინიგზის სადგურის წინ არსებული მოედანი წლების წინ რიგ ვალდებულებებთან ერთად გაიყიდა, თუმცა კერძო მესაკუთრეს აღნიშნული ვალდებულებები არ შეუსრულებია. იმის გამო რომ მიწა კერძო საკუთრებაშია, ვერ ხერხდება ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება.
მოსახლეობას არაერთხელ მოუმართავს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავისთვის", რომ აღნიშნული ტერიტორია მოუწესრიგებელია და დაზიანებულია გზის საფარიც.
"ერთ-ერთი აქტუალური თემაა სადგურის შენობა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა რკინიგზის დეპარტამენტთან და დავაყენეთ საკითხი, რომ რკინიგზის სადგურის მოწესრიგდეს. როგორც ვიცი, იქნება რაღაც გეგმებიც.
სადგურის წინ მოედანი ორიათასიანებში გასხვისდა კერძო მესაკუთრეზე და თან სდევდა ვალდებულებები, რომელიც არ შესრულებულა. რთული მდგომარეობაა სამართლებრივად. მას შემდეგ რაც სასამართლოს მივმართავთ და დავიწყებთ აღნიშნული მიწისი ნაკვეთის ბედის გარკვევას, აუცილებლად უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით.
ჩვენი ინტერესია, რომ მესაკუთრემ შეასრულოს ის ვალდებულება, რა ვალდებულებითაც თავის დროზე ეს მიწა გასხვისდა. დანარჩენს, როგორ გაგრძელდება პროცესი და ჩვენი იურისტები რა მიმართულებას მისცემენ, აუცილებლად ჩავაყენებთ საქმის კურსში მოსახლეობას. ძალიან დიდია ინტერესი ამ ტერიტორიაზე. ბევრს არ ესმის, რომ ეს არ არის მუნიციპალური საკუთრება, რომ მივიდეთ და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ, ამის სამართლებრივი უფლება არ გვაქვს. მას შემდეგ, რაც სასამართლოები დასრულდება, ჩვენ გვექნება უფრო ცხადი ხედვა, კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის ლეგიტიმური მოთხოვნა, რომ მოწესრიგდეს როგორც სადგურის შენობა, ასევე სადგურის წინ ტერიტორია",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
სადგურის მოედნის 3000 კვ.მ მუნიციპალიტეტმა 2008 წელს გაასხვისა და ის შპს "ფერტუნამ" შეისყიდა. კომპანიამ 2021 წელს აღნიშნული ტერიტორია იპოთეკით დატვირთა. 2024 წელს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს "ფერტუნას" მიწის გაყიდვა და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა.
შპს "ფერტუნა" 2008 წლის 11 მარტს შეიქმნა, მისი მესაკუთრე და დირექტორი ისრაელის მოქალაქე იოჰანან ელიგულა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" ცდილობს დაუკავშირდეს კომპანიას, რათა მოვისმინოთ მათი მხრიდან, რატომ ვერ შეასრულა ის ვალდებულებები, რომლითაც მიწის ნაკვეთი რუსთავის მუნიციპალიტეტისგან იყიდა.