რუსთავში რომელ ქუჩებზე იკრძალება პირუტყვის გადარეკვა

2026-03-28 12:57:11

რუსთავის საკრებულოს რიგით მეექსვე სხდომაზე, რუსთავის მერის მოადგილემ, ოთარ ტატალაშვილმა, პირუტყვთა გადასარეკად გამოსაყენებელი ქუჩების სია და დადგენილების პროექტი წარადგინა. სხდომაზე განიხილეს 6 ქუჩაზე პირუტყვის გადარეკვის აკრძალვა და ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, რუსთავში: ა.ყაზბეგის, თავგორაშვილის, ნ.ბარათაშვილის, კონსტიტუციის, ბოსტანქალაქისა და მშენებელთა ქუჩაზე იკრძალება პირუტყვთა გადარეკვა.

ჩამოთვლილ ქუჩებზე განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც მოეწყო და გაუმჯობესდა გზები, ასევე გამწვანების ზოლები. შესაბამისად ააიპ "ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის" მიერ, წარმოდგენილი იქნა ინიციატივა პირუტყვის გადასარეკად გამოსაყენებელი ქუჩის სიიდან 6 ქუჩის ამოღება.

კანონდარღვევის შემთხვევაში პირუტყვის მეპატრონეს ფულადი ჯარიმა დაეკისრება.  

შეგახსენებთ, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ან მეთვალყურის გარეშე ყოფნა, გარდა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, გამწვანების ზოლში, პარკებში, სკვერებში გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მსხვილფეხა პირუტყვის გადაყვანა მოხდება სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე და ეს არის “რუსთავსერვის ცენტრის” შემადგენლობაში არსებული ტყე-ჭალის ტერიტორია. გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები კი ასეთია, გადაყვანა - 70 ლარი, დღიური მოვლა-პატრონობა 30 ლარი. ამ თანხების ანაზღაურება დაეკისრება მეპატრონეს.