2026-02-17 17:57:43
რუსთავში რამდენიმე მისამართზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია ჩაატარა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-მდე პირია დაკავებული.
რუსთავის გარდა სპეცოპერაცია ჩატარდა დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 48 საათის განმავლობაში დაკავებულია 97 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული 81 ადამიანი. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის დაკავებული პირები მოქალაქეებზე ნარკოტიკების რეალიზაციას სხვადასხვა გზებითა და მეთოდებით ახდენდნენ. მათ შორის, იყენებდნენ როგორც ინტერნეტაპლიკაციებს, ასევე, ე.წ. ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდსა და ნარკოტიკების კონკრეტულ ადგილებში განთავსების ხერხებს.