2026-02-18 15:56:58
„თბილისში მოსწავლეებს უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის სკოლებშიც,“ - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ 2026-2027 სასწავლო წლიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე „ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.
„ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის“ ეტაპში ჩართული იქნება 12 ქალაქი – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, რომლებიც სასკოლო უბნებად იყოფა და ფოთი, ზუგდიდი, თელავი, ამბროლაური, ახალციხე, ოზურგეთი, მცხეთა და გორი, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრებით შემოიფარგლება.
„ქალაქ თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრებ მოსწავლეებს, უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს 1 კილომეტრით.
აღნიშნული მისამართების ნუსხა და შესაბამისი სკოლები, მეტი მოქნილობის მიზნით, განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.