2026-01-05 14:01:58
რუსთავის მუნიციპალიტეტმა ტყე-ჭალის ტერიტორიაზე არსებული 4 მიწის ნაკვეთი, 274 ჰა, სახელმწიფოს გადასცა.
როგორც მე-8 მოწვევის საკრებულოს მე-4 სხდომაზე რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, გია ანთაურმა დეპუტატებს განუცხადა, დაცული ტერიტორიის მოწყობის მიზნით, ქონების ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის მუნიციპალიტეტს მიმართა, ტყე-ჭალაში არსებული 4 მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაეცა.
საკითხს წარმომადგენლობით ორგანოში კენჭი უყარეს და 274 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა.
"წარმოდგენილი გვაქვს განკარგულების პროექტი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 4 მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. აღნიშნული გადაცემის საკითხი გამოიწვია იმან, რომ მოგვმართა სახელმწიფომ, ქონების ეროვნულმა სააგენტომ, შესაბამისად წარმოდგენილია ქონების ეროვნული სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს მიერ განხილული საკითხი, რომლითაც ეს 4 მიწის ნაკვეთი, ჭალის ტყის ტერიტორიაზე გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში. მას მიენიჭება აღკვეთილის სტატუსი და დაცული ტერიტორია მოეწყობა",- განაცხადა საკრებულოზე ანთაურმა.