გაფიცულები 4 თებერვალს აქციას გეგმავენ

2026-02-03 18:58:54

რუსთავის აზოტის ქარხნის დასაქმებულები ერთი კვირაა გაფიცული არიან. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ ხელფასის 300 ლარით გაზრდაა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა გაფიცულმა დავით მეტრეველმა განუცხადა, უკან დახევას არ აპირებენ და 4 თებერვალს დაგეგმილია საპროტესტო მსვლელობა, აზოტის ქარხნიდან მერიის მიმართულებით.

"როგორც ამბობენ სასამართლო წარმოება დაიწყო ჩვენ მიმართ. 8 საათზე აზოტის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიკრიბებით და 9 საათისთვის ვიქნებით უკვე მერიასთან. აღარანაირ კომპრომისზე აღარ მივდივართ, ვითხოვთ შესაბამის ორგანოებს ჩაერთონ ამ საქმეში და გაირკვეს სად მიდის ამ (ქარხნის) ფინანსები. თუ არის რაიმე გაფლანგული ყველა პირი იყოს პასუხისმგებელი",- განაცხადა დავით მეტრეველმა.

დღეს კიდევ ერთხელ სხვადასხვა საამქროს ხელმძღვანელებსა და ქარხნის დირექციის შორის შეხვედრა გაიმართა. განიხილეს გაფიცულთა მოთხოვნები და ანაზღაურების გაზრდა. თუმცა მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" პოზიციის დასაფიქსირებლად, კიდევ ერთხელ დაუკავშირდა "რუსთავის აზოტის" ხელმძღვანელობას, მაგრამ მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

"BM GE"-ს ინფორმაციით "რუსთავის აზოტი"-ს ადმინისტრაცია ასობით გაფიცულს სამართლებრივად დაუპირისპირდება და გამოავლენს უკანონო გაფიცვის ფაქტს.